დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს.

როგორც “კვირას” საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი სტრატეგიული თანამშრომლობის პროგრამული ინსტრუმენტის – ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის. ასევე, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით გამოყო კრისტიან ურსეს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის გამართვისა და ფართო კონსენსუსის ჩამოყალიბების პროცესში.

კრისტიან ურსემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა დემოკრატიული განვითარების პროცესში საქართველოს მიღწევებს. კრისტიან ურსემ ხაზგასმით აღნიშნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებული თავმჯდომარეობა და დატოვებული მემკვიდრეობა.

შეხვედრის დასასრულ, დავით ზალკალიანმა კრისტიან ურსეს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები