მაია ცქიტიშვილი: ბევრი რამ უკვე გავაკეთეთ და გავაგრძელებთ ზრუნვას იმისთვის, რომ ასურეთი ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს

ბევრი რამ უკვე გავაკეთეთ და გავაგრძელებთ ზრუნვას იმისთვის, რომ ასურეთი ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასურეთში რამდენიმე პროექტი დასრულდა და ამ სოფელს ძველი იერსახე ნაწილობრივ დაუბრუნდა.

„ეს არის ადგილი, რომელიც ორი საუკუნის წინ გერმანელმა კოლონისტებმა დააარსეს და კომუნისტური მმართველობის დროს იქ 23 ათასი გერმანელი ცხოვრობდა, შემდეგ კი, სამწუხაროდ, ისინი გადაასახლეს ყაზახეთში. ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის პროექტები არის არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა, არამედ რეგიონული განვითარება. ბევრი რამ უკვე გავაკეთეთ და გავაგრძელებთ ზრუნვას იმისთვის, რომ ასურეთი ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს. გერმანიიდან ბევრი უკვე ჩამოდის, რათა ნახონ წინაპრების სახლები, საფლავები და გვინდა, რომ ამ ისტორიით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა, ტურიზმის ადმინისტრაცია, გერმანიის ხელისუფლებასთან ერთად, დაეხმარება მათ იმაში, რომ ეს დასახლება გახდეს გერმანელი ტურისტების და არამარტო მათი მარშრუტის ნაწილი.

„ზოგადად, ურბანული განახლების ასეთი პროექტებით, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას ვაძლევთ, რომ ფინანსური სარგებელი ნახონ. ათასი ადამიანი ცხოვრობს დღეს ასურეთში და მათ უკვე აქვთ საშუალება, იფიქრონ ტურისტული მიმართულების განვითარებაზე. რა თქმა უნდა, მთავრობა, ტურიზმის ადმინისტრაცია, გერმანიის ხელისუფლებასთან ერთად, დავეხმარებით მათ იმაში, რომ ეს დასახლება გახდეს გერმანელი ტურისტების და არამარტო მათი მარშრუტის ნაწილი. ამასთან ერთად, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში არსებობს შესაძლებლობა ისარგებლონ სუბსიდირების პაკეტით, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გაარემონტონ თავისი სახლები, მოაწყონ ე.წ. გესთჰაუსები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები