სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია გაერო-ს ვირტუალურ კონტრტერორისტულ კვირეულში მონაწილეობს
გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა გლობალურ ვირტუალურ კონფერენციაში: „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული და პრაქტიკული გამოწვევები გლობალური პანდემიის პირობებში“, საქართველოს დელეგაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის ხელმძღვანლობით მონაწილეობს.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის წევრი დაესწრო.
ვირტუალური კონტრტერორისტული კვირეული გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა. ანტონიო გუტიერეშმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კვირეულის პირველ ვებინარზე მონაწილეებმა COVID-19 ის ნეგატიურ გავლენებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს, თუ როგორ აისახება საზოგადოებაზე სოციალური და ტექნოლოგიური ცვლილებები COVID-19 ის შემდგომ პირობებში, რა გავლენას იქონიებს პანდემია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის საერთაშორისო ქმედებებზე.
კვირეულის ფარგლებში, ბიო და კიბერ ტერორიზმის საფრთხეებსა და ტერორიზმის მსხვერპლთა დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე დისკუსიები გაიმართება. მონაწილეები ასევე იმსჯელებენ რადიკალიზაციის პრევენციისა და რეინტეგრაციის საკითხებზე, გაერო-ს ანტიტერორისტულ პროგრამებზე, ადამიანის უფლებებზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ტერორიზმის პრევენციაში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე.
კონფერენციის გახსნას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში – ჯოზეფ ბორელი და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ. 2020 წლის ვირტუალურ კონტრტერორისტულ კვირეულში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 700 ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.