რატი იონათამიშვილი: მოსახლეობის უსაფრთხოებაზე საუბრისას რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ვირუსის მხარეს ირჩევს

“ფრენების თაობაზე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით საზოგადოება ხედავს, რომ არიან არათანმიმდევრულები და როცა საუბარია მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ისინი ყოველთვის ვირუსის მხარეს ირჩევენ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხუთი ქვეყნის გარდა, რომელთანაც საქართველო საზღვრებს ხსნის, გრძელდება დაკვირვება სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის და ევროკავშირის ქვეყნების მიმართ გასცა რეკომენდაცია საზღვრის გახსნის თაობაზე. საქართველო შესაბამის ქვეყნებთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა და ხუთ ქვეყანასთან საზღვარს ვხსნით. სხვა ქვეყნებთან მიმართებით დაკვირვებას ვაგრძელებთ გლობალურ სიტუაციაზე და, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღებთ თანმიმდევრულად შესაბამის გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება ფრენების თაობაზე რადიკალური და კრიმინალური ოპოზიციის განცხადებებს, საზოგადოება ხედავს, რომ არიან არათანმიმდევრულები და როცა საუბარია მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ისინი ყოველთვის ვირუსის მხარეს ირჩევენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები