სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, თბილისში ზვიად გამსახურდიას მემორიალი და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი განთავსდება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მემორიალისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის განთავსების საკითხს ეხმაურება.

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2020 წლის თბილისის ბიუჯეტის განხილვის პროცესში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ გააჟღერა ორი ინიციატივა: საკრებულოს სხდომათა დარბაზში დიმიტრი ყიფიანის ბიუსტისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე მისივე მემორიალის მოწყობასთან დაკავშირებით.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას. მივიჩნევთ, რომ, მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიისა, კულტურის სფეროში ხსენებული პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია’’, – განაცხადა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა.

ბიუსტებისა და მემორიალების ესკიზებზე ღია კონკური თბილისის მერიამ მ/წლის 1-ელ ივლისს გამოაცხადა.
კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით ბიუსტის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა.

მასში მონაწილეობის მიღება როგორც საქართველოს, ისე – უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია.

საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ხორციელდება.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია დაინტერესებულ ავტორებსა და ავტორთა ჯგუფებს აქტიურობისა და კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები