სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს თანამშრომელი დააკავა(ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება 23 მაისს დაიწყო.

“გამოძიებით დგინდება, რომ მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომელი ზედამხედველობას უწევდა, ქ. ფოთში, შპს “TAHAL GROUP B.V.“-ისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ საკანალიზაციო ქსელის მშენებლობის პროცესს. იმ მოტივით, რომ საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელს,ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული კომპანიის შპს ,,პოზიტივ ფაილის“ მფლობელისათვის პრობლემები არ შეექმნა, გაჭიანურებული სამუშაოების შესახებ დამკვეთისთვის არ ეცნობებინა და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილ უზუსტობებზე რეაგირება არ მოეხდინა, შპს-ს ხელმძღვანელს 2018 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მოსთხოვა და გამოართვა 44 000 ლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით), რაც სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო,”- ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები