Wizz air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი: არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას, ჩვენ დროებით ვაუქმებთ ოპერაციებს
Wizz air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ანდრას რადომის ინფორმაციით, მათი კომპანია ქუთაისში ბაზას არ აუქმებს. როგორც მან აღნიშნა, დიდი ალბათობით, არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ფრენები მომავალი წლის ზაფხულამდე იქნება შეჩერებული. თუმცა მისივე განცხადებით, როგორც კი შესაბამისი პირობები იქნება, კომპანია მზად არის ოპერირება განაახლოს.
„დროებით შეჩერება, სამწუხაროდ, მოგვიხდა ვირუსიდან გამომდინარე, რადგან პანდემია გავრცელებულია უკვე უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში. მუშაობა დროებით შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ მომავალ მითითებებს არ მივიღებთ. აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოხდება.
დიდი ალბათობით, ოპერაციები მომავალ ზაფხულამდე იქნება შეჩერებული, რადგან ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება შეზღუდვები.
თუ არაფერი მეშლება, ჩვენ ახლა არ გვყავს თვითმფრინავები ქუთაისის ბაზაში. ისინი სხვაგან განვათავსეთ ჩვენსავე ქსელში და როგორც კი ქუთაისში ოპერაციები განახლდება, რა თქმა უნდა, თვითმფრინავებს უკან დავაბრუნებთ. იქამდე კი სხვა გამოსავალს ვეძებთ საერთაშორისო და ადგილობრივი შეზღუდვების გათვალისწინებით, შეგვეძლება თუ არა რაიმე სახის ფრენის განხორციელება ქუთაისში.
„ვიზეარი“ აკვირდება საერთაშორისო დონეზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ განვაახლებთ ფრენებს, როგორც კი პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ყველა იმ წესს, რომელსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ხელისუფლებები აწესებენ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ფრენებს შეძლებისდაგვარად სწრაფად განვაახლებთ”, – განაცხადა კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.