ჩინეთში კორონავირუსის წყაროს დასადგენად ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი უახლოეს დღეებში ჩავა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში ჩინეთში SARS-CoV-2 წყაროს დასადგენად ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის.
ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, თედროს ადჰან გებრეიესუსმა განაცხადა.
“ვირუსთან ბრძოლას უკეთესად შევძლებთ, როდესაც მასზე ყველაფერი გვეცოდინება, მათ შორის ის, როგორ დაიწყო აფეთქება”, – თქვა გებრეიესუსმა.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიამ კაცობრიობის საუკეთესო და უარესი თვისებები გააშიშვლა. ამ კონტექსტში მან ახსენა “სიმტკიცის, სოლიდარობისა და სიკეთის მაგალითები”, ასევე, “სტიგმატიზაციისა და დეზინფორმაციის შემაშფოთებელი ფაქტები”.
მან ასევე თქვა, რომ პანდემია გლობალურ დონეზე ძალას მხოლოდ იკრებს, თუმცა ბევრმა ქვეყანამ ინფექციასთან ბრძოლაში პროგრესს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა ჩინეთში საკუთარი ექსპერტების გაგზავნას.