საწვავის ხარისხის სტანდარტის დამრღვევი შეიძლება, სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლდეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საწვავის ხარისხის რეგულირების კანონდებლობის გამკაცრებაზე მუშაობს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, ჯერ კანონპროექტი დაწერილი არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა და გარემოს დაცვის კომიტეტი შეეცდება, მისი ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდეს.

“ვფიქრობთ, რომ კანონის დარღვევაზე სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყოთ. ამჟამად, ჯარიმის ოდენობა 8 ათასი ლარია და შესაძლოა, ეს საკმარისი არ იყოს. შესაძლოა, რეალიზატორს არ აქვს ინტერესი, გააუმჯობესოს საწვავის ხარისხი, რადგან შეუძლია, ჯარიმა გადაიხადოს. ესაა თაობების წინაშე დანაშაული, როცა ბიზნესი აკეთებს ფულს და წამლავს თაობებს. ასე რომ, ამ მხრივ უპრეცედენტოდ მკაცრები ვიქნევით”, – ამბობს წილოსანი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის თანახმად, 49 ერთეული საავტომობილო ბენზინის სინჯიდან 18-ში დაფიქსირებულია ოქტანური რიცხვის მაჩვენებელი, ასევე, 43 ერთეული დიზელის საწვავის სინჯიდან 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმებს, უფრო მეტიც, 2-ჯერ და 4-ჯერ აჭარბებდა დაშვებულ რაოდენობას, კერძოდ, ნაცვლად დაშვებული 50 მგ/კგ-სა, ფიქსირდება 211 მგ/კგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები