დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ დაივიწყა სახელმწიფო ინტერესები და მერკანტილური მიზნებით იმოქმედა

“მმართველი გუნდი მოიქცა სახელმწიფოებრივად, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებით იყო ნაკარნახევი”, – ამის შესახებ ა/ო „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება და წინა პლანზე სახელმწიფო ინტერესები დააყენა.

„საქართველოს პარლამენტმა უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში არსებულ საარჩევნო სისტემას ცვლის, შემდგომი არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება, უმეტესწილად – პროპორციული, ასე შეიძლება ეწოდოს ახალ საარჩევნო სისტემას, რომელიც 120 მანდატის პროპორციულად, ხოლო 30 მანდატის მაჟორიტარულად გადანაწილებას გულისხმობს.

მიმაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია სიახლე, რომელიც წინსვლასა და განვითარებას განაპირობებს. ახალი საარჩევნო სისტემა პარტიებისგან მაღალ პოლიტიკურ კულტურას მოითხოვს და ღრმად მწამს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენის უნარი შესწევს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება, სურვილი, რომ დემოკრატიის განვითარების გზა კიდევ უფრო სრულყოფილი ყოფილიყო. ადრეც ვთქვი და კვლავ გავიმეორებ, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მმართველი გუნდი მოიქცა სახელმწიფოებრივად, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებით იყო ნაკარნახევი, გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება, წინა პლანზე დააყენა სახელმწიფო ინტერესები, რაც მათი პირდაპირი უფლება-მოვალეობაა”, – აღნიშნა ჩიხელიძემ.

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანლის აზრით, ოპოზიციას შანსი ჰქონდა, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ქვეყნის წინსვლაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

„რაც შეეხება ოპოზიციას, მათ საკუთარი მოვალეობა უგულებელყვეს, დაივიწყეს რა სახელმწიფო ინტერესები და მერკანტილური მიზნებით იმოქმედეს, უარი თქვეს საკონსტიტუციო პროექტის მხარდაჭერაზე, რომლის მიღებასაც თვეების განმავლობაში აქტიურად ითხოვდნენ. ოპოზიციას ჰქონდა შანსი, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უარი თქვეს ქვეყნის წინსვლაში პოზიტიური წვლილის შეტანაში მონაწილეობაზე. ეს არის ფაქტი და არა ინტერპრეტაცია, სამარცხვინო ფაქტი.

ეს ქვეყანა ჩვენია, ადამიანების, სამოქალაქო სექტორის, პოზიციის, ოპოზიციისა და ა.შ. ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა თითოეული ჩვენგანის მოვალეობა/ვალდებულებაა, სწორედ ამიტომ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი ვალდებულების შესრულებას გაურბიან…”, – განაცხადა ჩიხელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები