აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველოს პროკურატურა ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ და შეუვალ პოლიტიკას ატარებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის 25 ივნისის ანგარიშით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და განაგრძობს მტკიცე და შეუქცევად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის დადებით შეფასებას – ოთხშკალიანი რეიტინგული სისტემის პირველ, უმაღლეს კალათაში ყოფნას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელიც პირველ კალათაში მოხვდა.
საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიზანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა ტრეფიკინგთან ეფექტიანად ბრძოლის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს პროკურატურა ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ და შეუვალ პოლიტიკას ატარებს. პროაქტიულად ხორციელდება ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლთა იდენტიფიცირება, ყველა შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტზე მყისიერად იწყება გამოძიება და ხორციელდება ეფექტიანი საპროკურორო ზედამხედველობა, რაც სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციური მხარდაჭერით სრულდება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 ტრეფიკიორის მიმართ, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილია 4-ჯერ. 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული იყო 7 პირის მიმართ. რაც შეეხება დაზარალებულებს, აღნიშნულ საქმეებზე დაზარალებულად ცნობილია 29 პირი, ამათგან 27 ქალი და 2 მამაკაცი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მონიტორინგისა და პრევენციის ოფისის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აფასებს 190-მდე სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის კუთხით პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.