ესპანეთში ღამის კლუბები შესაძლოა, 2021 წლამდე აღარ გახსნან
მალიორკაზე, მენორკასა და იბიცაზე ღამის კლუბები შესაძლოა, 2021 წლამდე იყოს დახურული, თუ ამ დრომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ იქნება შემუშავებული, – წერს The Sun-ი.
ტურისტებს ესპანეთის კუნძულების მონახულება 21 ივნისიდან შეუძლიათ, თუმცა მთავრობა მიიჩნევს, რომ ღამის კლუბები, ჯერჯერობით, დახურული უნდა იყოს, რადგან რთულია კლიენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება.
ამასთან, კლუბების მფლობელები ითხოვენ ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარებას, რომლის დროს 10 დღის განმავლობაში გაიხსნება მათი დაწესებულებები, სადაც სტუმრების რაოდენობა 33%-მდე იქნება შემცირებული, ასევე, აიკრძალება ცეკვა, იქნება დაცული დისტანცია და პირბადის ტარების რეჟიმი. გარდა ამისა, მათივე წინადადებით, ყველა კლიენტი დატოვებს საკუთარ მონაცემს, რომ დროის გავლის შემდეგ მათი მდგომარეობის შემოწმება იქნებოდა შესაძლებელი.
ღამის კლუბების მფლობელები იმედოვნებენ, რომ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება უკვე ივნისის ბოლოს იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულები არ გამოვლინდება, დაწესებულებების დატვირთვა გაიზრდება და ცეკვა იქნება დასაშვები.
ბიზნესის წინადადება ესპანეთის მთავრობას უკვე გადაეცა.