ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა, – ამის შესახებ დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს განცხადებით დღესვე მიმართავს.
“დავაარსე მოძრაობა ხალხისთვის, რომლის მიზანია, საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლემები. რამდენიმე დღის წინ მოვაწერე ხელი დოკუმენტს ახალი პლატფორმის შესახებ, რომლის მიზანია, ჩამოართვას საჯარო დღის წესრიგზე მონოპოლია ორ უმთავრეს ძალას, რომელიც საკუთარ ორმეფობას სწირავს ამ ქვეყნის განვითარების ინტერესს ამ პლატფორმის პროცესებთან დაკავშირებით. ჩემ მიმართ გამძაფრდა ორკესტრირებული, ბინძური პიარკამპანია. ამოქმედდა სქემა, 108 საპარლამენტო ხმა და ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, ყველა შესაძლებლობითა და ყველა ფასად არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალებისა და ცენტრების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია. ამ ბინძურ პიარკამპანიას არ წარმოუდგენია არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად. ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე ორი წლის განმავლობაში მქონდა. ამ ბინძური კამპანიის მიზანია, შექმნას სეირი იუსტიციის საბჭოში, რომელსაც პოპკორნით სიამოვნებით უყურებს კლანი და უყურებს „ქართული ოცნება“. ამ პირობებში, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება სასამართლოს რეფორმა, მაშინ როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარ გამოხტომები, არამედ რეალური დემურუსიზაცია, ქვეყანას სჭირდება რეალური მუშაობა განვითარებაში, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის.
მე დღეს გავაგზავნი განცხადებას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან და გავუადვილებ მას იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მან თვითონ ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს. მე დღეს შევუდგები მთელი ჩემი რესურსით “მოძრაობა ხალხისთვის” შენებას, რათა გავაგრძელო ის მისია და ბრძოლა, რომელშიც, სამწუხაროდ, ამ შენობაში მე დავრჩი მარტო და რომელთა მიმართებითაც მე ვიპოვი მთავარ თანამოაზრეს. ეს მთავარი თანამოაზრე იქნება ქართველი ხალხი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.