გიორგი გახარია: გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომლებიც გვაქვს, შევინარჩუნოთ
“დღეს 2 ახალი შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა 8. ასე თუ ისე, წყაროს ვხედავთ, თუმცა, ინფორმაციულად, რაც გროვდება მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად, მოქალაქეებსაც და, ალბათ, კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ. რთულ პერიოდში შევდივართ, მსოფლიოში გლობალურად დღეს რიცხვები, რაც ვნახე, იზრდება, უკვე 9 მილიონზე მეტია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომლებიც ქვეყანას აქვს, უნდა შევინარჩუნოთ.
„რეალურად, ვირუსის გავრცელების ტემპი არ კლებულობს, ჩვენთან რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში პირიქით იზრდება და აქ ჩვენ გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომლებიც გვაქვს, შევინარჩუნოთ და აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობის, მოქალაქისა და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და აქ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.