ძველი ნიმუშის სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების შეცვლის ვადის გაგრძელება იგეგმება

ძველი ნიმუშის სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების შეცვლის ვადის გაგრძელება იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტში შესაბამისი ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა.

როგორც პროექტშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ავტომობილის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდება  2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. მოქმედი კანონმდებლობით, ეს ვადა განსაზღვრული იყო  2020 წლის პირველი სექტემბრით.

„სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად, ძველი ნიმუშის სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი აქვს  539 739 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, შესაბამისად, 2020 წლის პირველი სექტემბრისთვის შესაძლებელია, სააგენტოში ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნის ოდენობა ბევრად აღემატებოდეს მომსახურების სააგენტოს მატერიალური და საკადრო რესურსის შესაძლებლობებს. ამასთან, მომსახურების მიღების მიზნით მოქალაქეთა სააგენტოში გამოცხადება გამოიწვევს ერთ სივრცეში პირთა დიდი ოდენობის თავშეყრას, რაც გაზრდის ეპიდემიის გავრცელების რისკს“, – ნათქვამია პროექტში.

უწყება ვადის გაგრძელების მიზეზად კორონავირუსს და ამ თვალსაზრისით პრევენციულ ღონისძიებებს ასახელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები