ირაკლი ღარიბაშვილი შტეფან ფულეს შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში პირველი შეხვედრა გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულესთან. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ევროინტეგრაციის კურსზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ, ევროინტეგრაციის დღის წესრიგის შესაბამისად გატარებულ რეფორმებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ჭეშმარიტი მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციის საკითხში. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, შეასრულოს აღებული ვალდებულებები, დააჩქაროს რეფორმები და უზრუნველყოს ევროპულ ნორმებსა და სტრატეგიებთან ჰარმონიზაცია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს, კერძოდ, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივებს. გამოითქვა იმედი, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა შექმნის ახალ რეალობას ურთიერთობებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის.