საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, Deloitte-ის ნიუ იორკის ოფისის ექსპერტებმა პრემიერმინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პირველი პრეზენტაცია წარუდგინეს
საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციისა და განვითარების გეგმაზე მაღალი დონის ექსპერტებთან მუშაობას განაგრძობს – Deloitte-ის ნიუ იორკის ოფისის წარმომადგენლებმა პრემიერმინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დღეს პირველადი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს მთავრობის მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის მიმართულებებით. საერთაშორისო კონსულტანტებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი პანდემიის დროს ემყარებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას. ექსპერტების თქმით, მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ყველა ქმედება იყო სწრაფი და დროული.
შეხვედრისას, აღინიშნა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშეა და საუბარია ბიზნესების დივერსიფიკაციაზე, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობები როგორც მიღწევების, ისე – საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით, რომ გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო პლატფორმა.
პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საქართველოს მთავრობა აშშ-ის განვითარების სააგენტოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს, მათ შორისაა: Deloitte-ის ნიუ იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ექსპერტები.
ვიდეოკონფერენციაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი და პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში – ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.