ცოტნე ზურაბიანი: “ნაცმოძრაობის” მიერ “ქართული ოცნების” დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა მორიგი კრახით დასრულდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ცოტნე ზურაბიანის თქმით, კონგრესმენი ბეიკონი კიდევ ერთხელ მკაფიოდ უსვამს ხაზს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ “ქართული ოცნების” დისკრედიტაციის, მისი რუსულ ინტერესებთან დაკავშირების მორიგი მცდელობა მორიგი კრახით დასრულდა.
ერთერთი ხელმომწერი კონგრესმენი ცალსახად ადასტურებს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს ტექსტის შესაბამის ნაწილთან და სიტუაციაში გარკვევისა და შეცდომის გამოსწორებისთვის მზაობას გამოხატავს.
რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბატონი კონგრესმენი კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უსვამს ხაზს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
დეზინფორმაციისა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ავტორი ნაციონალები დღეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთებასაც ვეღარ აბამენ თავს და უხერხული დუმილით შემოიფარგლებიან. ვფიქრობ, კიდევ ბევრჯერ მოუწევთ ასეთ მდუმარებაში ყოფნა”, – აცხადებს ცოტნე ზურაბიანი.
ცნობისათვის, კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა განაცხადა, რომ დოკუმენტი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებული, მას არ დაუწერია.
“მე ამ დოკუმენტის ეს ნაწილი არ დამიწერია. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები ავიყვანეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. მე ამ დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილით ვიყავი დაკავებული. ჩვენ საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. იგივე შემიძლია, უკრაინაზე ვთქვა“, – განაცხადა კონგრესმენმა.