ლაშა დარსალიამ და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილი მწვავე ვითარება განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან ონლაინშეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილი მწვავე ვითარება.

აღინიშნა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან კორონავირუსის პანდემიის პირობებში გახშირებული პროვოკაციები, როგორიცაა „ბორდერიზაციის” უკანონო პროცესის გააქტიურება, საოკუპაციო ხაზის დაკეტვა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გაუმართლებელი გადაწყვეტილება ახალგორის რაიონიდან საქართველო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მხარეებმა ისაუბრეს ასევე რუსეთის მიერ საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ ბოლო დროს დეზინფორმაციული შეტევის გააქტიურებაზე. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციის გახშირებული პროვოკაციები და დესტრუქციული ნაბიჯები ემსახურება საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას, მძიმე ტვირთად აწვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და საფრთხეში აგდებს მათ სიცოცხლეს, რასაც შედეგად არაერთი ადამიანის გარდაცვალება მოყვა.

მინისტრის მოადგილემ და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრეს მოლაპარაკებების ფორმატების — ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მის ფარგლებში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტური მუშაობის აუცილებლობაზე. გამოიხატა შეშფოთება რუსეთის მხრიდან ფორმატების მიმართ დესტრუქციული მიდგომისა და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირების გამო. ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუყოვნებლივ და უპირობოდ აღდგენის აუცილებლობას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების მიზნით. ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი – ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერებას.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე ვითარების ესკალაციის პრევენციაში და მადლიერებით აღნიშნა მისიის მიერ გაწეული ძალისხმევა. ლაშა დარსალიამ მზაობა გამოხატა მისიის ახალ ხელძღვანელთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე და მარეკ შჩიგელს წარმატებები უსურვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები