დავით ჩიხელიძე: როგორც ჩანს, “ნაციონალებს” კვლავ “გვამი” სჭირდებათ, მერე რა, თუ ის მათი გუნდის წევრი იქნება

“როგორც ჩანს, “ნაციონალებს” კვლავ “გვამი” სჭირდებათ, მერე რა, თუ ის მათი გუნდის წევრი იქნება”, – ასე ეხმიანება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის ლიდერის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა.

მისი თქმით, შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეს, გვარამიასა და “ნაციონალური მოძრაობის” მიზანმიმართული ცილისწამება.

“შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეს, გვარამიას, “ნაციონალური მოძრაობისა” და მათთან დაკავშირებული ადამიანების ბოლოდროინდელი მიზანმიმართული ცილისწამება, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას ემსახურება. ისინი ცდილობენ, თეთრი შავად გვაჩვენონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ადამიანის უმთავრესი უფლება არის სიცოცხლის უფლება (უფლება, რომლის ხელყოფა ნაციონალების დროს ჩვეულებრივი მოვლენა იყო). სახელმწიფო უწყებები იმიტომ არსებობს, რომ ზედმიწევნით შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები, რომელიც ერთი მხრივ დაიცავს, ხოლო მეორე მხრივ გააძლიერებს ადამიანს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

ნებისმიერი ადამიანის მოკვდინება არის მიუღებელი, მნიშვნელობა არ აქვს მის პროფესიას, შეხედეულებებს, ეროვნებას და ა.შ. ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის, თითოეული ადამიანის სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა მის შეხედულებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, ასე არ ფიქრობს გვარამია და დამრჩა განცდა, რომ გვარამიას გაბუნიას არმოკვლა „გაუტყდა”. ბოდიში სლენგისთვის”, – ამბობს ჩიხელიძე.

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს უსაფრთხოების სამსახურის მაღალ პროფესიონალიზმს.

„ადამიანის მკვლელობა ცალსახად არის ტერორიზმი, რომელიც 21-ე საუკუნის მსოფლიო მასშტაბის გამოწვევაა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, ექსცესებისა და გართულებების გარეშე შეძლო პოტენციური მკვლელის დაკავება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს უსაფრთხოების სამსახურის მაღალ პროფესიონალიზმს.

ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოში ადამიანის სიცოცხლის უფლება არის დაცული და სახელმწიფო უმკლავდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას. წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, შესაბამისი უწყება საზოგადოების მხრიდან მადლობას და აღიარებას მიიღებდა, საქართველოში კი მხოლოდ ტალახი „ერგოთ”.

რაც შეეხება გვარამიას პოზიციას, ცალსახაა რომ ის მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა დილეტანტი სამართალმცოდნე, რომელმაც გარისკა ადამიანის სიცოცხლით, მომეტებული საფრთხის შესახებ არათუ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, არამედ საკუთარ მეგობარსაც არ შეატყობინა… ეს ბევრ რამეს უსვამს ხაზს. როგორც ჩანს, ნაციონალებს კვლავ „გვამი” სჭირდებათ, მერე რა, თუ ის მათი გუნდის წევრი იქნება”, – აცხადებს ჩიხელიძე.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ინგუში, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გინების გამო რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა.

თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ მისთვის ისედაც ნათელი იყო საფრთხის არსებობა, რადგან კადიროვს არც დაუმალავს, რომ „მისი გამოსვლის შემდეგ რაღაც დაემართებოდა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები