ირაკლი ბერაია: კონგრესმენმა ბეიკონმა გარკვევით თქვა, რომ არ ფლობს არანაირ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირის შესახებ
“რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა ძალიან გარკვევით თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
ბერაიას თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონგრესმენი საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორსა და მოკავშირეს, განიხილავს.
„კონგრესმენმა ბეიკონმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, თუ როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი დოკუმენტში. ეს არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული და მცდარი ჩანაწერი. ბეიკონმა ასევე ძალიან გარკვევით თქვა, რომ არ ფლობს არანაირ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირის შესახებ. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია და ყველანაირ სპეკულაციას უნდა დაესვას წერტილი. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ კონგრესმენი განიხილავს საქართველოს როგორც სტრატეგიულ პარტნიორსა და მოკავშირეს და მას აქვს სურვილი, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდეს და გაღრმავდეს”, – განაცხადა ბერაიამ.
ცნობისთვის, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი. გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.