კახა კუჭავა: კონგრესმენების ანგარიშთან დაკავშირებით სპეკულაციას წერტილი დაესვა
„კარგად გვახსოვს კონგრესმენების ანგარიშის ერთი კონკრეტული ჩანაწერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი აჟიოტაჟი გამოიწვია – მთლიანად დოკუმენტი მოიცავდა პათოსს, თუ რამდენად მყარი და სტრატეგიულია პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის ერთი წინადადება აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო მთლიანი კონტექსტიდან.
„ჩვენ ვარაუდი გვქონდა, რომ ამას შეიძლება, სხვა საფუძველი და სხვა გზები ჰქონოდა. დღეს მოვისმინეთ იმ 13 კონგრესმენიდან ერთ-ერთის განცხადება, რომ ის ჩართული იყო მხოლოდ დოკუმენტის მიღების სტრატეგიულ ნაწილში და არ აქვს ინფორმაცია ამ ერთ კონკრეტულ წინადადებასთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მთავარია, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რამდენად მნიშვნელოვანია და სტრატეგიულია სქართველოსთან (ასევე, უკრაინაც არის ნახსენები) თანამშრომლობა. იგი ამ ქვეყნებს მოიხსენიებს დასავლეთის გუნდის შემადგენელ ნაწილად და იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, სპეკულაციას, რომელიც, ფაქტობრივად, ერთდღიანი იყო, უკვე წერტილი დაესვა.
„დოკუმენტის რეალური მიზანი ჩანს კიდეც და ეს არის მყარი, უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე არსებული სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის, რომელიც არაერთხელ გაგვიგია ოფიციალური ვაშინგტონისგან, მათ შორის, ამერიკის ელჩისგან საქართველოში”, – განაცხადა ვიცესპიკერმა.