კახა კალაძე: ვერეს ხეობაში ყველაფერი გაკეთდა, რათა სტიქიის დროს, მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ვერეს ხეობაში ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება გატარდა იმისათვის, რომ მასშტაბური სტიქიის შემთხვევაშიც კი, უსაფრთხოება დაცული იყოს.
„ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთი სტიქიისგან, ეს იყო ის, რაც შეიძლება ათი წლის განმავლობაში ერთხელ მოხდეს. ზოგადად, პრევენციის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოები, რომლებიც იქნა წარმოებული და ჩატარებული, უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული. დამონტაჟებულია ასევე საავარიო სისტემა, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მონიტორინგი, ასევე თვითონ ვერეს ხეობაში განხორციელდა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს არის ნატან-დამჭერების გაკეთება, რათა მაქსიმალურად, დაზღვეულები ვიყოთ, ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთი რამ მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.