საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ბენაშვილმა თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ სიტყვით მიმართა.
როგორც მან აღნიშნა მისასალმებელია ის ძალისხმევა, რაც თავდაცვის ძალების გაძლიერებაზეა მიმართული.
ის ასევე დაინტერესდა თუ რამდენად უკომპრომისო იქნება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, იმის წინააღმდეგ, რომ ჯარისკაცების გარევა პოლიტიკაში მავნე განზრახვებით არ მოხდეს.
“მნიშვნელოვანი აქცენტები იყო ამ გამოსვლაში. მივესალმები იმ ძალისხმევასაც, რაც თქვენ თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე დასახეთ. ეს პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის გასაძლიერებლად.
ახლა რაც შეეხება კითხვას, ბატონო ირაკლი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩვენ ვიხილეთ თავდაცვის ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები. ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში სამხედროებს ჰააგის სასამართლოში გაასამართლებდნენ. ყველაზე გულდასაწყვეტია, რომ ოპონენტები ამაში ყოფილ სამხედროებს იყენებდნენ, ამ სრულიად ცილისმწამებლური კამპანიისთვის ბოდიშიც კი არ მოუხდიათ ქართველო სამხედროებისთვის. თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის ძალების ჩარევის მავნე და ანტისახელმწიფოებრივი მცდელობა არ მოხდეს პოლიტიკურ პროცესებში. რაზეც უკვე ვისაუბრე… ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯარი ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას. დაუშვებელია მისი დისკრედიტაციის მცდელობა, მით უფრო პოლიტიკაში ჩართვისთვის ჯარის გახლეჩა.
თქვენ, როგორც თავდაცვის მინისტრი რამდენად უკომპრომისო იქნებით ასეთი მცდელობების მიმართ და გაქვთ თუ არა გეგმა ამ მიმართულებით”, – მიმართა გია ბენაშვილმა თავდაცვის მინისტრს.