თსუ: კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლის სამსახურებრივი კონტაქტები ცნობილია და მათ „პისიარ“ ტესტირება უტარდებათ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კორონავირუსით დაინფიცირებული თანამშრომლის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დღეისთვის დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა.

როგორც თსუ-ის განცხადებაშია ნათქვამი, დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდება PCR ტესტი, ისინი გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს „კოვიდ-19“-ით ინფიცირება დაუდასტურდა.

დღეისთვის დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები, დეტალური ინფორმაცია მიეწოდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

აღსანიშნავია, რომ თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინ რეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, დაინფიცირებულთან სამსახურებრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდება PCR ტესტი, ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა.

მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი. მომხდარი ფაქტის გამო დამატებით გატარდა პრევენციული ზომები“, – ნათქვამია თსუ-ის განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები