ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოსახლეობა უახლოეს პერიოდში, ახალი სპორტული კომპლექსით ისარგებლებს. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა „რეგიონულ კვირასთან“ განაცხადა, სპორტული კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 1 680 000 ლარია. როსტომ სესიაშვილის განცხადებით, ადგილობრივების დაინტერესება აღნიშნული პროექტით დიდია. სპორტდარბაზის დასრულებას და ახალ გარემოში ვარჯიშს დიდი ინტერესით ელოდებიან.
“აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალსოფლის თემში შედის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლები. ჯანსაღი ცხროვრების წესისადმი მიდრეკილება საკმაოდ მაღალია, მოსახლეობის განწყობა ამ პროექტის მიმართ არის საკმაოდ დადებითი და ელოდებიან მშენებლობის დასრულებას, რათა ახალ გარემოში შეძლონ ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავება”, – აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.
“ახალსოფელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია ყვარლის მუნიციპალიტეტში და ზოგადად კახეთში. ახალსოფელში ამჟამად, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება. აღნიშნულ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოგეხსენებათ რომ სოფელი დიდია, თავისი სპორტული ცხოვრების ტრადიციით და ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდის კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სოფელს გააჩნდეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი”,- აღნიშნა მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.