“ბიზნესომბუდსმენის ოფისი „ლიდერფუდის“ საქმეზე კომენტარს, ჯერჯერობით, თავს არიდებს”
ბიზნესომბუდსმენის ოფისი „ლიდერფუდის“ საქმეზე კომენტარს, ჯერჯერობით, თავს არიდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
ბოლო ორი დღის განმავლობაში, „კომერსანტი“ ცდილობდა ბიზნესომბუდსმენის ოფისისგან გარკვეული პასუხი მიეღო იმის თაობაზე, როდის გააკეთებენ, ან საერთოდ გააკეთებენ თუ არა კომენტარს „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის მათდამი 8 ივნისს გაკეთებულ მიმართვაზე. ამ დრომდე მედიაჰოლდინგმა დასმულ შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.
შეგახსენებთ, დავით ზეიკიძემ ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილს საჯარო წერილით მიმართა და მისგან, როგორც ბიზნესსექტორსა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი რგოლისგან, პოზიციის გამოხატვა მოითხოვა „ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავასთან დაკავშირებით.
„საქმე ეხება ბიზნესდავას. საწარმოს 50% წილს მედავება ირაკლი დუმბაძე (რომელსაც დღემდე ჩემი სიძე ქვია). მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი პაატა სალია იცავს. ამ საქმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა ქონება ისე ჩამომართვეს, რომ არც სარჩელი ჩამაბარეს და არც თავის დაცვის საშუალება მომცეს. ყველაფერი ემყარება იმას, რომ თითქოს მე შეპასუხება არ შევიტანე დუმბაძის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რის გამოც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქონება ჩამომართვა. საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის ჩემთვის ჩაბარებას დაადასტურებდა. ამის საწინააღმდეგოდ კი არსებობს ვიდეო და დოკუმენტური მასალები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავენ.
ორივე ინსტანციის სასამართლო მათ უბრალოდ იგნორირებას უკეთებს. თქვენ ხართ ხიდი, გამტარი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ამიტომ მოგმართავთ, ჩატყდება ეგ ხიდი, თუ საკითხებს სასამართლო სამართლიანად არ გადაწყვეტს. სახეზეა მრავალმილიონიანი ბიზნეს დავის სასამართლო განხილვის გარეშე გადაწყვეტის მცდელობის საკითხი. უკვე ორი ინსტანცია „გრიალით“ გაიარა. ეს ყველაფერი, მე, სამწუხაროდ, მიტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს საქმე კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
ამ ეჭვს იზიარებს ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატი, არც მეტი არც ნაკლები, თქვენივე ხელისუფლების ყოფილი გენერალური პროკურორი, არჩილ კბილაშვილი და ის ამ ეჭვს საჯაროდ და ხმამაღლა გამოთქვამს. ნუ იტყვით, რომ ეს საკითხი სასამართლოს პრეროგატივაა და თქვენს კომპეტენციას სცდება, ნურც იმას მირჩევთ, რომ თუკი დანაშაულის ნიშნებს ვხედავ, პროკურატურას უნდა მივმართო (უკვე მივმართე). მე თქვნგან ვითხოვ, შემხვდეთ, გაეცნოთ ჩემს პოზიციას და არგუმენტებს (შეხვდით მომჩივან მხარესაც), შეისწავლეთ საკითხი, თუ როგორ წყვეტს 15 მლნ აშშ დოლარის აქტივის ბედს საქმის განუხილველად სასამართლო და გააკეთეთ განცხადება, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი აზრი.
კიდევ ერთხელ გეუბნებით და გაფრთხილებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი საქმე – ეს არის საქმე, რომელსაც თუ დროულად არ მიეხედა, მთლიანად ბიზნეს-სამართლის წარმოებისთვის იქცევა გამოუსწორებელ საფრთხედ“, – აღნიშნავდა ბიზნესომბუდსმენისადმი საჯარო წერილში დავით ზეიკიძე.
საკითხთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენის ოფისის გამოხმაურებას „კომერსანტი“ მიღებასთანავე შემოგთავაზებთ.
წყარო: “კომერსანტი”