დავით ჩიხელიძე: მთავრობის ქმედითი ნაბიჯები აჩვენებს, რომ საქართველოს შეუძლია, გლობალური პრობლემა შესაძლებლობად აქციოს

„მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ ბიუჯეტს დადებითად ვაფასებ”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, მოცემული დოკუმენტი ყველას მოწონებას ვერ/არ დაიმსახურებს, მთავარია, რომ აღნიშნული ბიუჯეტი რეალობას ასახავს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს პასუხობს.

„მართალია, მცირდება ეკონომიკური ზრდა და, ზოგადად, ეკონომიკა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკა ზოგადად მსოფლიოში შემცირდა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა, რადგან ჩვენი ეკონომიკა დიდწილად გლობალურ პროცესებზეა დამოკიდებული (I კვარტალში, ევროკავშირის ეკონომიკამ, რეკორდული ვარდნა აჩვენა. იგივე პროცესები მიმდინარეობს ამერიკაში, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა რეცესიის დაწყება, ანალოგიური მდგომარეობაა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში).

იმისთვის, რომ შეფასება გავაკეთოთ, აუცილებელია, მოცემული რეალობა სრულად გავაანალიზოთ (ვგულისხმობ გლობალურ და არა ლოკალურ მდგომარეობას). ზოგადად მსოფლიო მასშტაბით ფიქსირდება ფულადი რესურსისა და ინვესტიციების კლება, რაც, პირველ ყოვლისა, გამოწვეულია პანდემიით, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს. სამწუხაროდ, მძიმეა მდგომარეობა ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორები არიან, აღნიშნულის გათვალისწინებით, ორმაგად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის თითოეული წევრის მიერ გაწეული შრომა და 24-საათიანი მუშაობა, რისი შედეგიც არის მოზიდული მილიარდობით ლარი, რომელიც უპირველესად  სოციალურ საკითხებსა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოხმარდება, მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯები, ხოლო სოციალური მიმართულებით დაფინანსება იზრდება.

(უხელფასოდ დარჩენილი მოქალაქეების 200-ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში 450 მლნ, საშემოსავლო გადასახადის შეღავათი 250 მლნ. კომუნალური ხარჯების სუბსიდირება 170 მლნ, სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა 139 მლნ. თვითდასაქმებულთა 300-ლარიანი დახმარება 75 მლნ. და ა.შ.)

ანტიკრიზისული ბიუჯეტი და მთავრობის ქმედითი ნაბიჯები აჩვენებს, რომ საქართველოს შეუძლია, გლობალური პრობლემა შესაძლებლობად აქციოს, რაც მომავალში ეკონომიკის სწრაფად აღდგენისა და დანაკარგის კომპენსირების შესაძლებლობას მოგვცემს”, – აცხადებს ჩიხელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები