კახა კალაძე: გვაქვს ადგილები, სადაც გადასასვლელი ხიდების არსებობა არ გვჭირდება, თუმცა არის ისეთი ადგილები, სადაც ასეთი ხიდების გაკეთება საჭიროა
“გვაქვს ადგილები, სადაც გადასასვლელი ხიდების არსებობა არ გვჭირდება, თუმცა ქალაქში არის ისეთი ადგილები, სადაც ასეთი ხიდების გაკეთება საჭიროა”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას – რატომ გამოცხადდა ხიდებზე ტენდერი მაშინ, როცა დედაქალაქის მთავრობამ 19 ასეთი ხიდის დემონტაჟი განახორციელა.
დედაქალაქის მერის თქმით, სადაც ხიდების დემონტაჟი მოხდა, “ზებრა” გადასასვლელი მოეწყო, თუმცა არის ადგილები, სადაც ხიდები საჭიროა.
„გვაქვს ადგილები, სადაც ხიდების არსებობა არ გვჭირდება, არაა ამის აუცილებლობა იმიტომ, რომ იმ ქუჩებზე, სადაც მოხდა ხიდების დემონტაჟი, კეთდება “ზებრა” გადასასვლელები. ჩვენ საგზაო ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა არის ისეთი ადგილები ქალაქში, სადაც საჭიროა ასეთი ხიდების გაკეთება.
ძველი ხიდები, ფაქტობრივად, გაუბედურებული იყო და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა კალაძემ.