მამუკა მდინარაძემ ისრაელის ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოთი და 8 მარტის შეთანხმებით დაინტერესდა.
„ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. სტუმარს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე 8 მარტის შეთანხმების შესახებ იმიტომ, რომ როდესაც შეთანხმების მეორე მხარე ძალიან ცუდად სპეკულირებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ყველა დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე.
„კორონავირუსის გამო, ისრაელიდან ჩვენს ქვეყენაში ტურისტების შემოსვლაში შეიძლება, გარკვეული შეფერხება გამოიკვეთოს, თუმცა მათ იმდენად კარგი მენეჯმენტი აქვთ, რომ ვფიქრობ, ისინი ამ პრობლემას მალე დაძლევენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციები გაცვალეს.
„ბატონი რან გიდორი საქართველოს დიდი მეგობარია. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ის საქართველოში დიპლომატიური მისიით არის მოვლინებული. 90-იანი წლების ბოლოს, ბატონი რან გიდორი საქართველოში ისრაელის ელჩის მოადგილედ და კონსულად მუშაობდა. ის კარგად იცნობს საქართველოს, იცის ჩვენი კულტურის და ტრადიციების შესახებ და მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ და ზოგადად, დასავლურ მისწრაფებებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ძალიან დიდ პატივისცემას როგორც მის მიმართ, ასევე, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.