ზუგდიდის მერი ანა წითლიძეს: ვურჩევდი საკრებულოს სხდომებს დაესწროს და კომპეტენცია აიმაღლოს

მე ვურჩევდი მას სხდომებს დაესწროს, აიმაღლოს კომპეტენცია და იფიქროს იმაზე, რომ უფრო კომპეტენტური განცხადებები გააკეთოს, – ამ სიტყვებით მიმართა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ანა წითლიძეს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გიორგი შენგელიას პროკურატურაში მეორედ უჩივლა.

საქმე 2015 წელს გაყიდულ, სახელმწიფო ვალდებულებით დატვირთულ მიწას ეხება, რომესაც ანა წითლიძეს მტკიცებით, გიორგი შენგელიას პირადი დაინტერესების გამო შეეცვალა ფუნქცია. კერძოდ, წითლიძეს თქმით, მან კომპანია “ვისოლის” შვილობილი კომპანია ყველა ვალდებულებისგან გაათავისუფლა და მიწას კომერციული სტატუსი მიანიჭა.
„აქ საერთაშორისო ბრენდის რესტორნის ნაცვლად, სადაც ადგილობრივები უნდა დასაქმებულიყვნენ, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი. კომპანია ვისოლი და ბატონი ფხაკაძე არიან ოფოციალური შემომწირველები ქართული ოცნების და გარდა ამისა, პირადი დაინტერესება მერის გეგა შენგელიასი. სწორედ ამიტომ, ახლა მე პროკურატურას გადავცემ ყველა მასალას და ვითხოვთ, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას”, – აღნიშა წითლიძემ.
ზუგდიდის მერმა ოპოზიციის ბრალდებას უპასუხა და განმარტა, რომ მათი მხრიდან მეტ კომპეტენტურობას ელოდა.
„ნაციონალური მოძრაობის ეს აქტივისტი, არის საკრებულოს წვერი და მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდეს, აღნიშნულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მერი არ იღებს ერთპიროვნულად. რაც შეეხება მშენებლობის განაშენიანებას, აქ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ კოლეგიალურად და ამის შემდეგ ხდება მერიის მხრიდან ამ გადაწყვეტილებებს აღსრულება. სანამ მსგავსი საკითხებით დაკავდება, მე ვურჩევდი მას სხდომებს დაესწროს აიმაღლოს კომპეტენცია და იფიქროს იმაზე, უფრო კომპეტენტური განცხადებები გააკეთოს“,- განაცხადა ზუგდიდის მერმა.
მისივე თქმით, კომპანიამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ 200 ათასი ლარი გადაიხადა.
„კომპანიამ ვალდებულება კონკრეტულ ვადაში ვერ განახორციელა და ჩვენს მიერ მოხდა ამ ვადის გაგრძელება, ამის სანაცვლოდ კომპანიამ გადაიხადა მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ 200 ათასი ლარი და წარმოადგინა საინვესტიციო ვალდებულებები მილიონნახევარი აშშ დოლარის 20 % -ის ანუ 300 ათასი დოლარის საბანკო გარანტია. რომელიც მუნიციპალიტეტის შემოსავალში მიემართება იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ განახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს იმ ვადაში რაშიც უნდა მოხდეს ამის გაკეთება. აღნიშნულით მუნიციპალიტეტმა დამატებითი შემოსავალი მიიღო 200 ათასი ლარის სახით და გაიმყარა პოზიციები იმ შემთხვევაში თუ კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გაუჭირდება“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ცნობისთვის, კომპანია “ვენჯორჯიამ” მუნიციპალიტეტისგან 2015 წელს აუქციონის წესით, 363 ათას ლარად იყიდა ყოფილი სახანძროს ტერიტორიაზე მიწა პირობით, რომ ქალაქში დააბანდებდა მილიონ ნახევარ აშშ დოლარს, შემოიყვანდა საერთაშორისო ბრენდს, დაასაქმებდა 70 ადამიანს. თუმცა მან ეს ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც საკრებულომ შარშან კომპანიას ორი წლის ვადაში ბიუჯეტის სასაგებლოდ 200 ათას ლარის გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები