მერაბ ქვარაია სახალხო დამცველს: არის თუ არა განსხვავება სააკაშვილისდროინდელ სასჯელაღსრულების სისტემასა და იმ სისტემას შორის, რომელიც დღეს გვაქვს

“არის თუ არა განსხვავება სააკაშვილისდროინდელ სასჯელაღსრულების სისტემასა და იმ სისტემას შორის, რომელიც დღეს გვაქვს?”, – აღნიშნული კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ სახალხო დამცველს მიმართა.

მისი განცხადებით, რეალობაა ის, რომ დღეს არავინ ამბობს, რომ მას ციხეში აწამებენ, რომ მას ღამის სამ საათზე გაიყვანენ და ხელის მოგრეხვით გადააფორმებინებენ ქონებას, რომ ზეწოლას ახორციელებენ მათი ოჯახის წევრებზე და აპატიმრებენ მათაც, არ ახებენ ვადამდე გათავისუფლებისა და შეწყალების მექანიზმს იმიტომ, რომ ის პოლიტიკურად მიუღებელია.

„ძალიან კარგია, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საპატიმროებში არა გადამდებ დაავადებათა სკრინინგზე, ელექტრონული მეთვალყურეობის ვიდეოჩანაწერების შენახვის ხანგრძლივობის გაზრდაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მაქსიმალური პრევენცია იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია საუბარი იმაზე, რომ სარეაბილიტაციო პროგრამებში პატიმართა მოხვედრის რიცხვი უნდა გაიზარდოს, სწორედ ასეთ თემატიკას ვუსვამთ ხაზს და ძალიან კარგია, რომ პატიმრები ისეთ საკითხებზე შემოგვჩივლებენ ხოლმე, რომელიც ბევრად უფრო რბილია და ბევრად იოლია, მაგალითად, გიგი უგულავამ შეიძლება, დაიწუწუნოს იმაზე, რომ ის CNN-ს ვერ უყურებდა ციხეში და ძალიან კარგია, რომ მას პრეტენზია აქვს, რომ მსგავსი ტიპის უზრუნველყოფაც ჰქონდეთ ციხეებში.

არის თუ არა განსხვავება სააკაშვილისდროინდელ სასჯელაღსრულების სისტემასა და იმ სისტემას შორის, რომელიც დღეს გვაქვს? ეს ყველაფერი არის წარსულში. ეს არ არის დღევანდელ რეალობაში და ძალიან სწორია, საღია, ჯანმრთელია და ეს ასე უნდა იყოს. ეს ჩვენი დამსახურებაა, მათ შორის, სახალხო დამცველისა და ყველა იმ უწყების, ვინც ჩართულია ამ სისტემაში. ეს გზა და ეს მიმართულება აუცილებლად ასე გაგრძელდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.​

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები