საქართველოსა და ინდოეთის პრეზიდენტებმა მზადყოფნა გამოხატეს ქვეყნებს შორის საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებისა და გააქტიურების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამ ნათ კოვინდს ესაუბრა. ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა პანდემიის პერიოდში კორონავირუსთან ბრძოლისას საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და მიღებულ ზომებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბარი პოსტპანდემიისას ეკონომიკების გახსნის სტრატეგიებსა და ამ კონტექსტში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას შეეხო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საჰაერო მიმოსვლის გახსნა მნიშვნელოვანია საქართველოს უნივერსიტეტებში სასწავლებლად ჩამოსული ინდოელი სტუდენტებისათვის. მხარეებმა პანდემიის შემდგომ პერიოდში სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების მნიშვნელობაც განიხილეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ ინდოეთში არსებული მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის გამოცდილება გაიზიაროს.
საუბრისას პრეზიდენტებმა გამოხატეს მზადყოფნა, საქართველოსა და ინდოეთს შორის საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებისა და გააქტიურების შესახებ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. საუბარი შეეხო საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას და, როგორც ინდოეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით ინდოეთის მთავრობაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გააქტიურებისა და გაღრმავებისათვის საელჩოს გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია.