ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლება ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, ჯარის 99,9% აპოლიტიკურია
იქნება თუ არა ჯარი საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი – ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ღამის კურიერში” ისაუბრა.
ღარიბაშვილის თქმით, ის ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს არც მმართველი გუნდის და არც სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან.
“პირველი სიტყვები, რაც მე განვუცხადე თავდაცვის ძალების ხელმძღვანლობასა და პირად შემადგენლობას, იყო შემდეგი, რომ მე მოვდივარ აბსოლუტურად გულწრფელად, პოლიტიკური ინტერესების გარეშე, მე არ შემომაქვს პოლიტიკური ინტერესები ჯარში, მაგრამ, მეორე მხრივ, მე არ დავუშვებ და შეუწყნარებელი ვიქნები სხვა პოლიტიკური პარტიების ინტერესების გატარების. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ მოვახდინეთ პოლიციის, ჯარისა და უშიშროების სამსახურების დეპოლიტიზირება, ჯარის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და საამაყო ინსტიტუციის პოლიტიზირებას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, ასეთი დავალება და პოლიტიკური ნებაა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ჯარი არცერთ პოლიტიკურ ძალას ეკუთვნის და ჯარისკაცების აბსოლუტური უმრავლესობა აპოლიტიკურია.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ 99.9% ჩვენი საამაყო ბიჭებისა და გმირების არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და მათთვის სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მათთვის მთავარია ვინ იზრუნებს ჩვენი ჯარის გაძლიერებაზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჯარი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას, ეს არ არის ჩვენი კუთვნილება, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული სიამაყე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.