მარინა ეზუგბაია: თვითშეზღუდვები დავიწესოთ, თავი შევიკავოთ ზედმეტი გასვლებისგან
“თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ, „კოვიდთან“ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ თავშეკავებით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში კორონავირუსის ზომიერი კონტროლირებადი მატებაა.
„მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. არ მინდა, რომ მათ ყოველთვის შევახსენო და არასასიამოვნო იყოს, მაგრამ, როგორც მოქალაქისა და ინფექციონისტის თხოვნა იქნება, რომ მეტ-ნაკლებად თავი შევიკავოთ ზედმეტი გასვლებისგან.
გვაქვს ზომიერი კონტროლირებადი მატება, მაგრამ ეს რომ შევინარჩუნოთ და ჩვენთან არ მოხდეს უმართავი სიტუაცია. ალბათ, არ მოხდება, რადგან თავი აქამდე ასე მოვიტანეთ.
მოქალაქეები დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ამ პროცესს, რაც საქართველოში ხდებოდა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.