მაია ბუწაშვილი: თუ ისე გადაიტენა ტრანსპორტი, როგორც კორონავირუსამდე გვახსოვს, ეს ძალიან მაღალი რისკების შემცველია

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებით ისე გადაიტენება, როგორც კორონავირუსამდე გვახსოვს, ეს, ინფექციის გავრცელების კუთხით, ძალიან მაღალი რისკების შემცველი იქნება.

ამის შესახებ ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნამდვილად უნდა იყოს დისტანცირება დაცული. ყველა ქვეყანაში ასეა, სადაც ტრანსპორტი გაიხსნა. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ იმ მასშტაბით ტრანსპორტის არსებობა, რაც ჩვენთან არის, ამის საშუალებას ვერ მოგვცემს, თუ ავტობუსები არ დაემატება. ჯობს, აქცენტი ავტობუსებზე იყოს იმიტომ, რომ იქ დიდი სივრცეა და ვირუსის გადაცემის რისკი ნაკლებია, ვიდრე – სამარშრუტო ტაქსებში. როგორც ვხვდებით, ალბათ, ვერ მოხერდა ავტობუსების დამატება და ამიტომაც დისტანცირების რეკომენდაცია უადგილო აღმოჩნდება, თუ ბევრი ტრანსპორტი არ იქნა.

ჯერჯერობით, დღეს რასაც ვუყურებთ, ტრანსპორტი ძალიან გადატვირთული არ ჩანს, თუ ასე შენარჩუნდა, არაუშავს. მაგრამ თუ ისე გადაიტენა ტრანსპორტი, როგორც კორონავირუსამდე გვახსოვს, ეს ძალიან მაღალი რისკების შემცველია.

თუ ძალიან ცოტა იქნება მანძილი ადამიანებს შორის და მჭიდროდ იქნებიან ტრანსპორტში, მაშინ მარტო პირბადე საკმარისი არ იქნება. ამიტომ ერთადერთ გამოსავლად ამას ვხედავ – მოხდეს დისტანირება და ამისთვის ერთადერთი მეთოდი ტრანსპროტის დიდი რაოდენობაა. სხვანაირად დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

ინფექციონისტმა განმარტება პირბადის მოხმარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„პირბადე ყველამ წესების დაცვით უნდა გამოიყენოს. ხელის მოკიდება არ შეიძლება ხშირად და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოცვლაა საჭირო, დაახლოებით, 3-4 საათის შემდეგ უნდა იცვლებოდეს პირბადე“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ავტობუსებში მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ მოქმედებს. მიკროავტობუსებში  მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიან.
მგზავრობის დროს აუცილებელია პირბადის ტარება. ტრანსპორტში კონდიცირება ჩართული არ უნდა იყოს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები