ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ საქართველოს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 მაისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში საბერძნეთის თავმჯდომარეობით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა.

აღნიშნულ სხდომაზე, არსებული პრაქტიკის თანახმად, მოხდა წინა თავმჯდომარე სახელმწიფოს ელჩისათვის – ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლისათვის, ირაკლი გივიაშვილისათვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის სამახსოვრო საჩუქრის – ზარის გადაცემა.

“დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომის დაწყების შესახებ მონაწილეებს ზარის დარეკვით ამცნობს, რაც ამ საჩუქარს შესაბამის სიმბოლურ დატვირთვას სძენს.

აღნიშნული სამახსოვრო საჩუქარი საქართველოს ევროპის საბჭოში საბერძნეთის ელჩმა გადმოსცა, რომელმაც თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს თავმჯდომარეობაზე, რაც ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების 20 წლისთავს დაემთხვა. საბერძნეთის ელჩმა მადლობა გადაუხადეს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელ ირაკლი გივიაშვილს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის 6-თვიან პერიოდში გაწეული უაღრესად ნაყოფიერი მუშაობისა და მიღწეული შედეგებისთვის. თავის მხრივ, სხდომაზე საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს მტკიცე მხარდაჭერისათვის, ხოლო მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსა და ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურას – შესანიშნავი თანამშრომლობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს თავმჯდომარეობის წარმატებაში”, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის 6-თვიან პერიოდში, 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი უძღვებოდა მინისტრთა კომიტეტის ყოველკვირეულ სხდომებს, რომელთა ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები