დავით ჩიხელიძე: პრემიერი და ოპოზიცია, როგორც ლექტორი და დაბნეული სტუდენტი
“პრემიერის მხრიდან მოვისმინეთ საქმიანი, ფაქტებზე დაფუძნებული სიტყვა, რომელიც ნათლად ასახავს მთავრობის ეფექტიან, კოორდინირებულ, გააზრებულ და წარმატებულ მუშაობას ამ მიმართულებით”, – ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტის წინაშე „კოვიდ-19″-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშით წარდგომის ფაქტს.
მისი თქმით, პრემიერის მხრიდან მოვისმინეთ საქმიანი, ფაქტებზე დაფუძნებული სიტყვა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის წინაშე „კოვიდ-19″-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. პრემიერის მხრიდან მოვისმინეთ საქმიანი, ფაქტებზე დაფუძნებული სიტყვა, რომელიც ნათლად ასახავს მთავრობის ეფექტიან, კოორდინირებულ, გააზრებულ და წარმატებულ მუშაობას ამ მიმართულებით.
ოპოზიციის მხრიდან კი მოვისმინეთ სიტყვები სიტყვებისთვის, წმინდა წყლის დემაგოგია, პოპულისტური განცხადებები, რომლებიც მოკლებულია რეალობას.
რეალობა კი შემდეგი გახლავთ: შევხედოთ, რა ხდება/მოხდა მსოფლიოში, გლობალურ გამოწვევას, რომელსაც პანდემია ჰქვია, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, წარმატებული სამედიცინო სექტორის მქონე სახელმწიფოებმა ვერ გაუძლეს, შევხედოთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და რა ხდება ჩვენთან.
შემდგარი ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა/აქვს, კონკრეტული გეგმა, რომელმაც წარმატებით იმუშავა და ქვეყანამ (სხვა ქვეყნებთან შედარებით) მინიმალური დანაკარგი ნახა (როგორც ადამიანური, ისე ეკონომიკური).
ასევე, ფაქტია, რომ მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი მდგომარეობიდან, მათ უკვე წარადგინეს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერისა და სხვა სექტორების განვითარების გეგმა, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის მეთაურის სიტყვების მიღმა კონკრეტული ფაქტები დგას, მისი გამოსვლა სწორედ ფაქტების ერთობლიობას ეფუძნებოდა”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.
ის ოპოზიციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პარლამენტის ამ სხდომაზე ოპოზიციამ მას პირველკურსელი სტუდენტი გაახსენა, რომელიც პირველ სემინარზე, ლექტორის წინაშე დაბნეული ზის.
„რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციამ პირველკურსელი სტუდენტი გამახსენა, რომელიც პირველ სემინარზე, ლექტორის წინაშე დაბნეული ზის. ერთი მხრივ, ყველაფერი აინტერესებს, ხვდება, რომ უაზრო კითხვებს სვამს, მაგრამ გულს არ იტეხს, დემაგოგიას აგრძელებს და თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებს.
სამწუხაროდ, ოპოზიციის კითხვების დიდი ნაწილი, გახლდათ პოლიტიკური კეკლუცობის ნიმუში, რომელიც ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა და არა არგუმენტებით გაჯერებულ სიტყვებს”, – აცხადებს ჩიხელიძე.