პაატა იმნაძე: კარგი იქნებოდა, ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა ყოფილიყო, ნუ ახვალთ გადატენილ ტრანსპორტში
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეები მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ და გადატენილ ტრანსპორტში არ უნდა ავიდნენ.
„კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო, ვთქვათ, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვის, თუმცა, პრაქტიკულად, ამის გაკონტროლება შეუძლებელია.
ისევ ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად. თუ გადატენილია ტრანსპორტი, ნუ ავალთ. მით უმეტეს, თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ, რათა ვისაც აუცილებლად სჭირდება ის, მათ ისარგებლონ ტრანსპორტით.
უნდა გვახსოვდეს, რომ კორონა არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდითაა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ
„იმედის“ ეთერში ჩართვისას.
შეგახსენებთ, ხვალიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტში კონდიცირება ჩართული არ უნდა იყოს.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული და ფანჯრები უნდა იყოს ღია, მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა ისედაც ჰაერი ფანჯრებიდან ნიავდება“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მიკროავტობუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიან.