გია გაბრიჭიძე ოპოზიციაზე: რატომ სხედან პარლამენტში ის არსებები, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ

“რატომ სხედან პარლამენტში ის არსებები, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ?!, “, – ამ რიტორიკულ შეკითხვას ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სვამს და მთელ პოსტს უძღვნის დღეს პარლამენტში პრემიერმინისტრის მოსმენისას ზოგიერთი ოპოზიციონერის რეპლიკასა თუ შეძახილს.

მის თქმით, აგრესიულმა ლიბერალებმა და საქართველოში მათმა პოლიტიკურმა დასაყრდენმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოში დემოკრატია მოსპეს.

„ყოველგვარი ლიტერატურული, ფილოსოფიური და ეროტიკული შესავლის გარეშე, პირდაპირ ვიტყვი, რომ აგრესიულმა ლიბერალებმა და საქართველოში მათმა პოლიტიკურმა დასაყრდენმა „ნაციონალურმა მოძრაობამ” (ამ კლასტერში, ცხადია, “ევრონაცებიც” შედიან) საქართველოში მოსპეს დემოკრატია, მისი უმთავრესი ფაქტორით – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

მოსპეს და საზოგადოებას შეაძულეს ნამდვილი ევროპული ღირებულებები.

დაამახინჯეს ისეთი სათუთი ცნებები, როგორებიცაა „ნაციონალური”, „პოლიტპატიმარი”, პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიცია.

გაანადგურეს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, როგორებიცაა „სახალხო დამცველი” და „სამოქალაქო სექტორი”.

სრულიად დაამახინჯეს არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის ჩატარების ფორმატი”, – ამბობს გაბრიჭიძე.

როგორც ჟურნალისტი წერს, ოპოზიციამ სცადა, საბოლოოდ მოეკლა ნორმალური სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი პირობა – პარლამენტარიზმი.

„დღეს მათ სცადეს, საბოლოოდ მოეკლათ ნორმალური სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი პირობა – პარლამენტარიზმი, მისი დემოკრატიული გამოვლინება – დებატები პრემიერმინისტრთან, ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

აღარაფერს ვიტყვი იმ მდაბიო შეძახილებზე (სხვას ვერაფერს დავარქმევ), რაც ვნახეთ. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რატომ სხედან პარლამენტში ის არსებები, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ. არ ვილაპარაკებ მათს აქაურ თუ იქაურ მხარდამჭერებზე.

უბრალოდ, ვიტყვი, რომ ეს ვირუსი, რაც ქართულ პოლიტიკას მეტასტაზებივით მოედო, მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შედეგად ჩამოშორდება და ეს ოპერაცია სწორედაც რომ ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის გასაკეთებელია”, – წერს გია გაბრიჭიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები