ალექსანდრე ქანთარია: პრემიერის დღევანდელი მოხსენება იმის მაგალითია, რომ პროცესი ამ ჟამიანობის დროს სწორად, გონივრულად, სწრაფად მიდიოდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ქანთარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოვიდ-19-ის შესახებ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მოხსენების შემდეგ დაინტერესდა მთავრობის გეგმებით იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც კულტურის სფეროში პროდუქტს კოლექტიურად ქმნიან.

„კითხვა კონკრეტულია – კულტურის, ხელოვნების იმ დარგების შესახებ და იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ურთიერთობაში, კოლექტიურად ქმნიან სწორედ პროდუქტს. მაგალითად, თეატრი, რომელთა მსახიობებს ასპარეზი აღარ აქვთ. მიმდინარეობს თუ არა ეპიდემიოლოგებთან ერთად გარკვეული გეგმის შემუშავება – როგორ, რა სახის, რა ფორმით უნდა დაუბრუნდეს ეს ხალხი თავის ასპარეზს. და ასევე ქორეოგრაფია, კინოწარმოება და ხელოვნების ის დარგები, რომლებიც ამჟამად გაჩერებულია, თუ არის რაიმე გეგმა, თუ როგორ შევეწიოთ ამ ხალხს”, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

მისივე შეფასებით, პრემიერმინისტრის დღევანდელი მოხსენება იმის თვალნათელი მაგალითია, რომ პროცესი ამ ჟამიანობის დროს მიდიოდა სწორად, გონივრულად, სწრაფად და ამან მოიტანა სწორედ ის შედეგი, რომელსაც ამ ეტაპისათვის “გამარჯვება” შეიძლება, დავარქვათ.

„ამისთვის ბარაქალა, ყოველ თქვენგანს. ამაში მართლაც თავდაუზოგავი შრომაა გაწეული. ეს არის პირველი ეტაპი ბუნებრივია, და ის მეორე ეტაპი, ვფიქრობ რომ ალბათ გაცილებით ძნელი იქნება, ერთი მხრივ, რომ ავიცილოთ თავიდან ვირუსის გააქტიურება, მეორე მხრივ – აღვადგინოთ ეკონომიკა და მესამე, რაც არ გითქვამთ არავის, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტორი, ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც ამ პირობებში მიიღო და მისი დაცხრობაა საჭირო, ვინაიდან ამ უხილავ დანაღმულ ველზე დაძაბულად სიარულით, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ რასაკვირველია გარკვეული ემოციული შოკი მიიღო. სწორედ მათი დიდი წყალობაა, რომ მხარი დაუჭირა ხელისუფლებას და მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მეორე ეტაპსაც ასევე წარმატებით გაივლის.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები