მამუკა არეშიძე: ბოლო დროს ცხინვალში ძალიან ფაფხური ატყდა, ლუგარის ლაბორატორიის თემაც ამ ვითარებასთანაა მიბმული

კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. როგორც არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერებს სჩვევიათ, სიტუაცია ისე დაძაბონ, რომ, საბოლოოდ, კონფლიქტი გამოიწვიონ, ამ დროს კი თავიანთი პატრონის ზურგსუკან დაიმალებიან.

„რაღაც ძალიან ფაფხური ატყდა ბოლო დროს ცხინვალში მიუხედავად იმისა, რომ არც მანამდე გაუკეთებიათ მაინცდამაინც პაუზა. სხვადასხვა ფაქტორი ერთმანეთს ემთხვევა: ერთია, რომ ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ საერთაშორისო დამკვირვებლებს, პრაქტიკულად, ომი გამოუცხადა. ავრცელებს და ავრცელებს განცხადებებს მათი არასამართლებრივი მოქმედების თაობაზე, ვითომ, სადღაც შევიდნენ ისინი ცხინვალის რეგიონში, დაარღვიეს საზღვარი და ა.შ. მეორეც – მუდმივი განცხადებები კეთდება იმის თაობაზე, რომ ქართული მხარე შეჭრილია მათ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, პარალელურად, ბორდერიზაცია ხორციელდება. ამას ემატება ის, რომ ამ პანდემიის პირობებში ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ დაიწყო განხილვა კანონისა, რომელიც მოქალაქეებისთვის იარაღის დაკანონებას გულისხმობს. ცალ-ცალკე ამ ყველაფერს შესაძლოა, რაღაც ახსნა ჰქონდეს, მაგრამ ერთად როცაა, სხვა ფიქრის საფუძველს გაძლევს – რაღაც გარკვეული პროვოკაციისთვის ხომ არ ეზადებიან? მართალია, ეს უკიდურესი ვარიანტია, მაინც არ ვფიქრობ, რომ რაიმე პროვოკაციის თავი აქვს ვინმეს, მაგრამ ეს მაინც ცუდად გამოიყურება. იქეთა მხრიდან, როგორც მაქვს ინფორმაცია, დიდი ნაწილი ამ ინიციატივებისა არის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივა. მაგრამ მახსოვს, კოკოითის ანალოგიურმა ქმდებებმა, საბოლოოდ, გარკვეულ ნაწილში ვითარების ესკალაცია გამოიწვია. სჩვევიათ სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერებს, რომ სიტუაცია ისე დაძაბონ, საბოლოოდ, კონფლიქტი გამოიწვიონ, როცა თავისი პატრონის ზურგსუკან დაიმალებიან“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიის თემაც ამ ყველაფერთანაა მიბმული.

„რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიის თემას, ესეც მიბმულია ამ სიტუაციასთან. რუსეთი დიდი ხანია, ლაპარაკობს ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე, ვითომ, საფრთხეზე, რაც იქედან მომდინარეობს, ეს იდიოტიზმია. მე მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის გარკვეული ეტაპი იმ ნაბიჯისა, რომელსაც დგამენ უკვე, ეს გულისხმობს ოსების გენოციდის თემას, სხვანაირად რომ ვთქვათ – ადრეც მოუწყვეს ქართველებმა ოსებს გენოციდი და ახლაც გენოციდის რეჟიმში ჰყავთო. ეს, რასაკვირველია, მტკნარი სიცრუე და სისულელეა, მაგრამ საზოგადოებაზე მუშაობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც ამ კონტექტშიც შეიძლება, განვიხილოთ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლებაც ხედავს, ზედმეტი აქტიურობები მოდის იქეთა მხრიდან და გადადგა ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უშვებს შესაძლებლობას, ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის სპეციალისტთა ჯგუფი ჩამოვიდეს.
რომ შევაჯამოთ, ეს ყველაფერი არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, პლუს, ადგილობრივების ინიციატივა, რომელიც კონფრონტაციაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, სახელმწიფო საზღვრის ზოლთან ქართველი ძალოვნები ისეთი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებენ, რომლებსაც მოკლევადიან პერსპექტივაში ვითარების დაძაბვა შეუძლია. მათი განცხადებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები იღებენ.
რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიის საკითხს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაცია თბილისში მდებარე ლუგარის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების დაშვებაზე საქართველოს პასუხს ელოდება. როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, მათი შეშფოთების საგანია ის, რომ ვაშინგტონი არ ხსნის, რა საქმიანობას ეწევა რუსეთის საზღვართან ახლოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვების შესახებ.
„რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება, იყოს, დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ ყოვლისა, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს მოწოდებით  – შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება. ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის, რუსი ექსპერტების მონაწილეობით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირადად არაერთი რუსი მაღალჩინოსანი მოუწვევია საქართველოში, მათ შორის, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებიდან.
„რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში, ლუგარის ლაბორატორია ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი პირველი პარტნიორი ყველა მიმართულებით
ნამყოფი არიან ბევრჯერ რუსი ჟურნალისტები და გადაღებული აქვთ ყველაფერი. ნამყოფია მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიოლოგიური სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი. სხვა პასუხი ჩვენ არ გვაქვს. ეს აქვთ პოლიტიკურ თემად არჩეული და როცა უნდათ, მაშინ გადმოაგდებენ ხოლმე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას წლების განმავლობაში საფრთხესთან აიგივებს. ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება- ლაბორატორიის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებული ხშირი მესიჯებია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები