პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი გამწარებულია იმით, რომ საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევას უმკლავდება

“აშკარად ჩანს, რუსეთი გამწარებულია იმით, რომ საქართველო ღირსეულად უმკლავდება კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევას”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია თბილისში მდებარე ლუგარის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების დაშვებაზე საქართველოს პასუხს ელოდება. როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, მათი შეშფოთების საგანია ის, რომ ვაშინგტონი არ ხსნის, რა საქმიანობას ეწევა რუსეთის საზღვართან ახლოს.

პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში რუსეთმა კარგად იცის,  ლუგარის ლაბორატორიიდან არანაირი საფრთხე  მომდინარეობს. როგორც კონფლიქტოლოგი აღნიშნავს, რუსეთს შემდეგი ნაბიჯების ეშინია – იმის, რომ თუ ლაბორატორიის პროექტი წარმატებულია, სხვა რაღაცაც წარმატებული იქნება, დასავლურ პროექტებში საქართველოს მეტი წარმატების ეშინიათ.

„აშკარად ჩანს, რუსეთი გამწარებულია იმით, რომ საქართველო ღირსეულად უმკლავდება კორონავირუსის გამოწვევას. ამ ეტაპზე ნამდვილად შესაქებია როგორც ქართული მედიცინა, ისე – ქართული საზოგადოება – რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევას. აქ ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი არის ლუგარის ლაბორატორიის არსებობა, რომელიც იძლევა თანამედროვე დონის ანალიზის საშუალებას. ბუნებივია, რუსეთი გამწარებლია, რომ გუშინ რუსეთის შემდგენლობაში მყოფი საქართველო, რომელსაც, თითქოსდა, განვითარების არავითარი შანსი  ჰქონდა, თურმე წარმატებულია, ევროპის დონის შედეგები აქვს, უფრო კარგიც. თვითონ ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. აშკარად ხედავს, რომ თავად აქვს ჩავარდნა, შუა საუკუნეების დონის ლაბორატორიებით მართავენ სიტუაციას, ხოლო ჩვენთან არის წარმატებული დასავლური, ამერიკული ლაბორატორია. სახელიც ამაზე მეტყველებს. უნდათ, ამის დისკრედიტაცია მოახდინონ. საუბარი ბიოლოგიურ, ქიმიურ იარაღზე – ბოდვაა.

რუსეთი ხედავს, რომ მისი ყოფილი სატელიტი სახელმწიფო დღეს წარმატებულია და წინაა. იმიტომაა წარმატებული, რომ რუსეთისგანაა გამოყოფილი და დისტანცირებული. თუ ლუგარის ლაბორატორიამ გაამართლა, რატომ არ გაამართლებს, მაგალითად, ნატო-ს წვერობა? ეს შემდეგი ნაბიჯი იქნება.
დასავლური ინსტიტუტები, ფენომენები, როგორიც ლაბორატორიაა, წარმატებული პროექტებია. მე უფრო თამამად ვეტყოდი ქართულ საზოაგდოებას: ხომ ხედავთ, რას გვაძლევს ჩვენ დასავლეთი? უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ, რაც  უნდა მიუღებელი იყოს რუსეთისთვის. რუსეთისთვის მიუღებელია ნატო, ლუგარის ლაბორატორიაც მიუღებელია და რა ვქნათ, დავხუროთ? მათ კარგად იციან, რომ ეს წარმატებული პროექტია და არაფერი საფრთხე აქ არაა, მათ შემდეგი ნაბიჯების ეშინიათ – იმის, რომ თუ ეს წარმატებულია, სხვა რაღაცაც წარმატებული იქნება. ეშინიათ საქართველოს მეტი წარმატებისა დასავლურ პროექტებში“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირადად არაერთი რუსი მაღალჩინოსანი მოუწვევია საქართველოში, მათ შორის, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებიდან.
„რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში, ლუგარის ლაბორატორია ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, რადგან აშშ არის ჩვენი პირველი პარტნიორი ყველა მიმართულებით.
ნამყოფები არიან ბევრჯერ რუსი ჟურნალისტები და გადაღებული აქვთ ყველაფერი. ნამყოფია მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიოლოგიური სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი. სხვა პასუხი ჩვენ არ გვაქვს. ეს აქვთ პოლიტიკურ თემად არჩეული და როცა უნდათ, მაშინ გადმოაგდებენ ხოლმე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას წლების განმავლობაში საფრთხესთან აიგივებს. ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება – ლაბორატორიის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებული ხშირი მესიჯებია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები