ემანუელ მაკრონი: ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და საფრანგეთის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი მაკრონის მისალოც წერილს საელჩო ავრცელებს.

“ქალბატონო პრეზიდენტო,
საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით თქვენ და ქართველ ხალხს ბერდნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ.
ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ზეგავლენას მოახდენს, ასევე, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, რაც ყველა სახელმწიფოსთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს, 7 მაისს მოგახსენეთ, ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ გამოწვევაზე რეაგირებას და თქვენ შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხების ზრდა, რაც თქვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ენერგეტიკის სექტორებში დაწყებული რეფორმების მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა, სრულად შეესაბამება ამ პერსპექტივას.
საფრანგეთსა და საქართველოს დიდი ხანია, რაც განსაკუთრებული, მეგობრული და ნდობით აღსავსე ურთიერთობა აქვთ. ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი განმტკიცდა „დიმიტრი ამილახვრის“ სახელობის სტრუქტურული დიალოგის დაარსებით, რომელიც დავიწყეთ პარიზში თქვენი ვიზიტისას, 2019 წლის თებერვალში და რომლის პირველი რაუნდი პარიზში გასულ დეკემბერში გაიხსნა. დაე, მომავალმა თვეებმა შესაძლებლობა მოგვცეს, ჩვენი ურთიერთობა გავაღრმაოთ, კერძოდ, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში, ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში ლექციების დაწყებით, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური“, – წერია მაკრონის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები