არჩილ თალაკვაძე: გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის განმტკიცებაში
გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობის განმტკიცებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ოფიცრების და ჯარისკაცების მიმართ მადლიერება გამოხატა. ასევე, აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლა გრძელდება და ამ განსაცდელს ქვეყანა ერთიანობით დაამარცხებს.
“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ თარიღს ჩვენი ქვეყნის ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან ერთად აღვნიშნავ.
102 წლის წინ, 26 მაისს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ნანატრი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა. სწორედ მაშინ, ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებს და დემოკრატიას. სამწუხაროდ, მალევე საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება თითქმის შვიდი ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ მან ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის საფუძველზე, განაგრძო ქართველის ხალხის არჩევანის – თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიის განვითარებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზა.
გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობის განმტკიცებაში. საკონსტიტუციო რეფორმა და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება; მდგრადი ეკონომიკური განვითარება; თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები – ეს არის ის, რითიც ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს და ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნების საშუალება, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჰყავს ღირსეული საზოგადოება და ძლიერი სტრატეგიული მეგობრები დასავლეთში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას არაერთი ომი გამოუვლია და სისხლის ფასად ბევრჯერ მოუწია ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა, წელს განსაკუთრებული განსაცდელის პირისპირ აღმოვჩნდით – უხილავმა მტერმა, ახალმა კორონავირუსმა, საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გამოცდის წინაშე დააყენა ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობები.
ვირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანობით, მედიცინის მუშაკთა ძალისხმევით და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ამ პროცესს წარმატებით გაართვა თავი.
ჩვენ ერთად შევძელით, რომ სიამაყის ნაპერწკალი კიდევ ერთხელ აგვენთო ერთმანეთის გულებში, კიდევ ერთხელ გვეამაყა ჩვენი სახელმწიფოთი, ჩვენი საზოგადოებით. ამიტომ ამ ისტორიულ და ემოციურად ამაღლებულ დღეს, მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ. ჩვენი საამაყო ჯარისკაცები, ექიმებთან და პოლიციელებთან ერთად, წინა ხაზზე იმყოფებოდნენ პანდემიის შესაჩერებლად.
ეს მიღწევები და წარმატებები არის ახალგაზრდა და უფროსი თაობის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, განსხვავებული მისწრაფებების, ხედვის და პროფესიის მქონე ადამიანების ერთობლივი მონაპოვარი. ეს არის ის რაც გვაერთიანებს, დამოუკიდებელ ერად და სახელმწიფოდ გვამყოფებს. საქართველოს სახელმწიფო მოწოდებულია ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანის დაცვისა და განვითარებისთვის. საქართველოს სახელმწიფო ყველა თქვენგანს ეკუთვნის.
ოფიცრებო და ჯარისკაცებო, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად ატარებთ სამხედრო მუნდირს და ერთგულებით, თავდადებითა და სიმამაცით დაიცავთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.