დავით ზალკალიანი: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა „ღია ცის შეთანხმების“ განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო

საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის „ღია ცის შეთანხმების“ განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო რუსეთის ფედერაციამ იგივე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, არსებობს სამი ხელშეკრულება, რომელიც ევროპული უსაფრთხოების სამ ძირითად ფუნდამენტს წარმოადგენს, ესენია „ვენის დოკუმენტი“, „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხება“ და „ღია ცის შეთანხება“.

“სამივე დოკუმენტი არის უაღრესად მძიმე მდგომარეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი და წევრი ქვეყნის მხრიდან ხდება საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფა, მათ შორის ასევე ამ ხელშეკრულების განსხვავებულად ინტერპრეტაცია. ეს იწვევს იმას, რომ შეჩერებულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხება და აშშ-მა მიიღო გადაწყეტილება „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ გასვლასთან დაკავშირებით. იმ მიზეზებს შორის, რა განცხადებაც გაკეთდა აშშ-ის მხრიდან, საქართველოც არის დასახელებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, იქ არის ყირიმის თემაც, იქ არის ასევე კალინინგრადის თემა, იქ არის ასევე გადაფრენის თემა, კანადის საკითხი. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენთვის ახალი არ არის. საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის „ღია ცის შეთანხმების“ განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო რუსეთის ფედერაციამ იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მათ 2010 წელს გარკვეული შემზღუდავი ზომები მიიღეს 10 კილომეტრის რადიუსში ფრენებთან დაკავშირებით, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში, იმ პირობით, რომ თითქოსდა ეს ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე და ისინი არიან დამოუკიდებელი სუბიექტები. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფა, ამ ხელშეკრულების აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველომ 2012 წელს შეაჩერა „ღია ცის შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულება რუსეთთან მიმართებაში.

„ჩვენ 2012 წლის შემდეგ ეს ხელშეკრულება გვაქვს შეჩერებული რუსეთთან მიმართებაში და არ ვუშვებთ ფრენებს, რომელიც უნდა განახორციელოს რუსთის ფედერაციამ საქართველოსთან მიმართებაში. ეს პოზიცია არაერთხელ იყო გაჟღერებული ვენაში ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფის ფარგლებში. იყო გაკეთებული საჯარო დამგმობი განცხადებები საქართველოს მხრიდან და ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან. ამ სიტუაციაშიც, ამჟამადაც ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ასევე, გრძელდება კონსულტაციები ამ ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყნებთან, რათა განვსაზღვროთ თუ როგორი იქნება ჩვენი შემდგომი მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები