“შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომლის მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ფიზიკური და სპორტული აქტივობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა”
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა
„საზოგადოებას მინდა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მივაწოდო ინფორმაცია. დღეს ჩავატარეთ კომიტეტის სხდომა, რომელზეც კომიტეტმა მხარი დაუჭირა თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას. მოგეხსენებათ, რომ თემატური მოკვლევა ძალიან ეფექტური საშუალებაა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობისა და ჩვენი კომიტეტის მოკვლევის ჯგუფის სამუშაო თემას წარმოადგენს, თუ როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობაში ფიზიკური და სპორტული აქტივობის დონე. რატომ მინდა, ამ თემას ხაზი გავუსვა? – პანდემიის გამოწვევასთან მიმართებით, როდესაც ჯერ კიდევ ვაქცინა და მედიკამენტი არ არსებობს, მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის მოწოდებაც იყო, რომ ერთ-ერთ პრევენციული ზომაა ადამიანის იმუნიტეტი, მათი ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება და ფიზიკური აქტივობა. კომიტეტი მიმართავს ორგანიზაციებს, სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტებს, რათა კომიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია ამ მიმართულებით, თუ რა სახის ღონისძიებებს აწარმოებენ”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ფიზიკური და სპორტული აქტივობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა.
“თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნამდე კომიტეტმა არაერთი კვლევა ჩაატარა და არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. ჩვენი მოსახლეობის, დაახლოებით, 70% თითქმის უმოძრაოდ არის, არაგადამდები დაავადებების სტატისტიკაც მოწმობს, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ჭარბწონიანობის არასასურველი მაჩვენებლები გვაქვს. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მიზანია, ჩვენს მოსახლეობას შევუქმნათ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ფიზიკური და სპორტული აქტივობისთვის შესაბამისი გარემო.
ჩვენ საზოგადოებას მინდა, სპორტული ინფრასტრუქტურული მიმართულებითაც მივაწოდო ინფორმაცია და ავღნიშნო, რომ თითქმის უკვე დამთავრებულია სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით მოცემულია თუ რა სახის ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.