პროკურატურამ “კანონიერი ქურდობისა” და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისთვის 14 პირს ბრალდება წარუდგინა და პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ “კანონიერი ქურდობის”, “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის და “კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 13 პირს და საზღვარგარეთ მყოფ “კანონიერ ქურდს” ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, “ქურდული სამყაროს” წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ “კანონიერ ქურდებს’’ მიმართავდნენ.

“აღნიშნული მიმართვების საფუძველზე, ქვეყანაში მყოფი “ქურდული სამყაროს” წევრები, საზღვარგარეთ მყოფი “კანონიერი ქურდის’’ სატელეფონო ჩართულობით აწყობდნენ “ქურდულ გარჩევებს’’ და სხვადასხვა პირს, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით სძალავდნენ ფულს და აკისრებდნენ გარკვეული თანხების გადახდას.

სამართალდამცველებმა 13 პირი 20 მაისს ქ.თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დააკავეს, რომელთაც წარედგინათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის I ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა); 2233-ე მუხლის II ნაწილით (ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა); 2234-ე მუხლის I ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა); 143-ე მუხლის III ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) და 126-ე მუხლის I ნაწილით (ძალადობა). რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ “კანონიერ ქურდს’’ – მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით (კანონიერი ქურდობა).
ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები