სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, შუახევში ოჯახების დახმარება გრძელდება
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დახმარება აქტიურად გრძელდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” შუახევის მერიიდან აცნობეს, მორიგ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას სოფელ გორის მცხოვრებნი – დავით და ზურაბ ფუტკარაძეები შეუერთდნენ, რომლებმაც ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ 70 ოჯახს ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.
“სასურსათე კალათები გადაეცა ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა საჭიროების მქონე 70-მდე ოჯახს, შპს ,,მშენებელი+“ს დამფუძნებელ ზაურ გოგიტიძესაგან; სოფელ ხაბელაშვილების მკვიდრმა ზაზა ბოლქვაძემ, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სასურსათო კალათა გადასცა ხაბელაშაშვილების, ჟანივრისა და წყალსაყარის სოფლებში მცხოვრებ 80 შეჭირვებულ ოჯახს. მადლობა მხარდაჭერისთვის ყველა მოქალაქესა და კომპანიას, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის მერიასთან და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იჩენენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.