მიხეილ ჩხენკელი: ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენ შეძელით, გამკლავებოდით გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას

“მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით, გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას”, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისადამი მიმართვაში.

მინისტრმა მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატება უსურვა.

მიხეილ ჩხენკელმა იმედი გამოთქვა, რომ თაობა, რომელიც ახალი გამოცდილებებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით გამორჩეულია, განსაკუთრებულ მომავალს შექმნის.

„ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – სკოლის დამთავრებას.

ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი „ბოლო ზარი“ – დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ.

მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით, გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას.

ამ პირობებში ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, უზრუნველგვეყო სასწავლო პროცესის უწყვეტობა. ალბათ, დღეს, როგორც არასდროს, ცხადი გახდა ამ ამოცანის მნიშვნელობა, რადგან ამ თუ სხვა გამოწვევათა დაძლევა მხოლოდ ცოდნით, განათლებით, მეცნიერებით შეიძლება.

და უკვე ხვალიდან, როდესაც თქვენ წინაშე უამრავი ახალი პერსპექტივა იხსნება, უკეთესი მომავლის უმთავრესი შემოქმედები სწორედ თქვენ ხართ. ცოდნის გაღრმავების ჟინით, გამოწვევებისადმი მზაობით, ნოვატორული მიდგომებით უნდა იკისროთ საკუთარი, ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის ბედის წარმართვა.

ასე რომ, თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით.

თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!

წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე!“, – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის მიმართვაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.

დღეს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა დასრულდა. თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, გათვალისწინებული იქნება მათი, როგორც აბიტურიენტების ინტერესები და „ტელესკოლის“ ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები